მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


რეგიონის შესახებ

პანკისის ხეობა მდებარეობს კახეთში, ახმეტის რაიონში (ჩრდილო - აღმოსავლეთ საქართველო)

კახეთი

კახეთი მსებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, მდინარეების იორისა და ალაზანის გასწვრივ. შედგება გარე კახეთისაგან, რომელიც მდინარე იორის შემოგარენზე ვრცელდება (იორის დაბლობი), იორის დაბლობში გარდამავალი გომბორის მთების სამხრეთით და შიდა კახეთისაგან, რომელიც მოიცავს მდინარე ალაზნის ველს, სიგრძით 160 კილომეტრი, ხოლო სიგანით 20-30 კილომეტრი. ალაზნის მწვანე ველი გადაჭიმულია მისი ჩრდილოეთით მდებარე 3 ატას მეტრზე უფრო მაღალი მწვერვალებიანი მაღალი (დიდი) კავკასიონის ძირში. უმაღლესი მწვერვალია ყაზბეგი (5046 მ ზდ), ხოლო პანკისის ხეობის სიახლოვეს მდებარე უმაღლესი მწვერვალი არის, საქართველო რუსეთის საზღვარზე მდებარე, თებულოს მთა (4494 მ ზდ).
მთების კალთები დაფარულია რცხილოვანი, რცხილა- მუხნარის ტყეებით, რომლებიც უფრო ზევით მდებარე წიფლნარში გადადიან. ეს უკანასკნელი თავის მხრივ სუბალპური და ალპური მდელოებით იცვლება და ბოლოს, კიდევ უფრო მაღლა, დიდი კავკასიონის შიშველი და სალი კლდეებით მთავრდება.
კახეთი ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი რეგიონია. კახეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კახეთში არის ადგილები, რომლებიც ქრისტიანობის სათავეებთანაა დაკავშირებული. ქრისტიანობა კი აღმოსავლეთ საქართველომ ჯერ კიდევ IV საუკუნეში მიიღო. ყველაზე ცნობილ უძველეს ქრისტიანულ კერებს მიეკუთნებიან საგარეჯოსთან არსებული კლდეში ნაკვეთი 7 მონასტერი, ფრესკებიანი გამოქვაბულები უდაბნოში, რომლის დამაარსებელი იყო სირიიდან გამოქცეული მონოფიზიტი ბერი დავითი. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ნინოწმინდის ტაძარი და მონასტერი იყალთოში, სადაც XI საუკუნეში დაარსდა ფილოსოფიის ცნობილი აკადემია. საფიქრებელია რომ სწორედ აქ უნდა მიეღო განათლება უდიდეს ქართველ პოეტსა და მოაზროვნეს, ყველაზე ცნობილი ქართული პოემის („ვეფხისტყაოსანი”) ავტორს, შოთა რუსთაველს.
საქართველოს უმაღლესი ზეობის პერიოდში, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანაში, როცა სამეფო ტახტი თამარ მეფეს ეპყრა (XII –XIII ს), კახეთის ტერიტორიაზე მრავალი ციხე-სიმაგრე, ქალაქი და ქრისტეანული ტაძარი აიგო, რომელთა შორის უნდა გამოიყოს, მთელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ალავერდის ტაძარი. ალავერდის საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ბარის ქართველ პელიგრიმებს იზიდავს, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველ მთიულებს და მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, პანკისელი ქისტებიც იყვნენ.

თამარ მეფის დროს პანკისისა და ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა საერისთავო სახელწოდებით თორღვა პანკელი ( თამარ მეფისა და მისი ვაჟის გიორგი ლაშას კარისკაცის, ადგილ;ობრივი თავადის სახელიდან გამომდინარე). მთელს ხეობაში დღემდეა შემორჩენილი იმ პერიოდის მრავალი ციხე-სიმაგრის, ტაძარის, საგუშაგო კოშკისა თუ სხვა სიმაგრეების ნაშთები.
კახეთში მრავალი ეთნიკურად საინტერესო ქართული ჯგუფი სახლობს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ: ხევსურებს, თუშებს, ფშაველებს, მთიულებს, მოხევეებს.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქარცეცხლიანი ისტორიის მანძილზე რეგიონში ასევე სახლდებოდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფებიც: ოსები, აზერბაიჯანლები, თურქმენები, არაბები, ლეკები, ავარლები, ბერძნები, სომხები, ებრაელები, რუსები, უკრაინლები, პოლონელები, და ბოლოს ინგუშებისა და ჩეჩნების შთამომავლები – პანკისელი ქისტები.
კახეთის ადმინისტრაციულ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს II საუკუნეში დაარსებული ქალაქი თელავი. აქ X საუკუნიდან XVIII საუკუნემდე იყო კახელი თავადებისა და მეფეების რეზიდენცია. ქალაქის ცენტრში მდებარეობს გალავანითა და ციხეებით შემოსაზღვრული სამეფო სასახლე (დღეს მუზეუმი და პედაგოგიური ინსტიტუტი). გალავნის სიახლოვეს არის ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II ძეგლი. მეფე ერეკლეს საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდში მოუწია მეფობა, როცა 1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული იქნა გიორგევსკის ტრაქტატი. ტრაქტატმა შედეგად მოიტანა ქვეყნის გამაჩანაგებელი სპარსელებისა და თურქების რამოდენიმე ლაშქრობა საქართველოში და გამოიწვია მეფის რუსეთის მიერ (ტრაქტატის დადგენილებების დარღვევით) ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს (1801 წ), ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს (1805წ) რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა 200 წელზე მეტი ხნით.
ყველას, ვინც პანკისისაკენ მიმავალი წუთით მაინც შეისვენებს ერეკლე II ძეგლის სიახლოვეს, მკერდში სუნთქვას შეუკრავს ხედი, რომელიც იშლება ალაზნის ვაკესა და პანკისის ხეობაზე, რომელიც დიდი კავკასიონის ფერხთით მდებარეობს.
პანკისის ხეობაში მოხვედრილ ადამიანებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. კარგ ამინდში ხეობაში მდებარე ნებისმიერი ადგილიდან მოსჩანს დიდი კავკასიონის მწვერვალების შორეული დეტალებიც კი, შეუიარაღებელი თვალიც დაინახავს თუ სად, მთების რომელ ნაწილში, დევს თოვლი.
არ შეიძლება არ ითქვას, რომ მთელს საქართველოში კახეთი ითვლება ვენახებისა და საუკეთესო ქართული ღვინის, ხეხილის ბაღების, ხორბლისა და სიმინდის ყანების, თამბაქოს ველებისა და კაკლის ხეების სამეფოდ. ზაფხულში და შემოდგომაზე ყოველი ფეხისნაბიჯზე შემოგხვდებათ ორბორბლიანი ურმები, უმეტესად სახედარ შებმული, რომლებიც კახელების ჭირნახულს ეზიდებიან. XIX საუკუნის სახელოვანი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის სიტყვების „ვინც არ იცნობს კახეთს, ის საქართველოს არ იცნობს“ პერეფრაზით გეტყვით: ვისაც არ უნახავს პანკისის ხეობა მას დიდი კავკასიონის ჭეშმარიტი მინდორ-ველიც არ უნახავს!

(საქართველოს რუქა პანკისი ხეობის აღნიშვნით)

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა მდინარე ალაზანის ველზე მდებარეობს. ალაზანი სათავეს დიდი კავკასიონის მთებში იღებს, ხოლო პანკისის მიდამოებში მთის მჩქეფარე მდინარედ მოედინება.
პანკისის ხეობას დასავლეთით ემიჯნება თიანეთის ზეგანი და ზემო არაგვის ველი, სადაც ხევსურები სახლობენ (უდიდესი სოფელია ბარისახო), აღმოსავლეთით კი თუშეთის მაღალმთიანი ქვაბული.
პანკისის ხეობაში თბილისიდან მომავალი გზით შევდივართ, გომბორის უღელტეხილის გავლით, რომელიც კახეთის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრამდე – თელავამდე მიდის. შემდეგ კი გაივლის რა ვენახებსა და ხეხილის ბაღებში ჩაფლული სოფლების უწყვეტ ჯაჭვს ჩადის ახმეტის რაიონის ცენტრში – ახმეტა, რომელიც მდინარეების ალაზანისა და ილტოს ველებზე განფენილი. მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ციხესიმაგრე ბახტრიონი.
ახმეტიდან გზა ჩრდილოეთით მიემარტება ( ოდნავ აღმოსავლეთით უქცევს), უკვე პირდაპირ პანკისის ხეობამდე.
ხეობის პირველი სოფელი ძირითადად ფშაველებით, მთიელი ქართველებით, და მცირერიცხოვანი ოსური ჯგუფით არის დასახლებული. ეს მატანია. აქ არის საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ციხესიმაგრე და სასახლე, ძველი ქართული ეკლესიები. აქ უკვე ხეხილის ბაღები და ვენახები შედარებით ნაკლებია, ხოლო ციცაბო ფერდებზე კირქვა თეთრად გამოსჭვივის. მატანის შემოგარენი დაფარულია მუხნარით. მატანის შემდეგი სოფლებია ბახლოვერი და ოსური ქორეთი. მათ შედეგ კი მოდიან ფშაური საკობიანო, წინუბანი და ბოლოს ყვარელწყალი. ხეობის ფშაურ-ოსური და ქისტური ნაწილების სახასიათო გამყოფ პუნქტს წარმოადგენს წყლის ჯებირი და ალაზანზე გადებული ხიდი, რომლის გასწვრივ, ალაზნის მარცხენა (დასავლეთი) მხარეს (დიდი კავკასიონის ქედის მიმართ) იწყება მთავარი ქისტური სოფელი დუისი. აქ ველი ვიწროვდება, სახლები მდინარეს უახლოვდებიან.
დუისი უდიდესი სოფელია – პანკისის ადმინისტრაციული ცენტრი. აქ არის განთავსებული ადგილობრივი მმართველობა ახმეტიდან. დუისი გზასა და მდინარეს მიჰყვება, ერთქუჩიან სოფელს მოგვაგონებს. ყველა სხვა დანარჩენი ქისტური სოფელიც ასეა განაშენიანებული. დუისში ორი მეჩეთია, სკოლა, საავადმყოფო, კულტურის სახლი, UNHCR -ის ბიურო, გადახურული ბაზარი, რამოდენიმე სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზია, საპარიკმახერო.
დუისის ახლო გორაკებზე შემორჩენილია ორი ქართული ქრისტიანული ტაძრის ნანგრევები (ხომი და ხორბალო), ამფითეატრი და ციხესიმაგრე ბალთაგორის ნაშთები.
დუისიდან გზა მიემარტება მორიგი ქისტური სოფელებისაკენ, რომლებიც ასევე მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარეობენ: ჯოყოლო, ბირკიანი, ჯიბახევი. დუისიდან, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, გორაკზე განთავსებული ამფითეატრის უკან, მიემართება გზა დუისის პარალელურად მდებარე, მაგრამ მთებში ჩამალული ფშაური სოფლისაკენ - დედისფერული (კაკლიანი).
ბოლო სოფელი ჯიბახევი მაღალმთიან ხადორის ხეობამდე აღწევს, იქედან სამი გასასვლელია მაღალმთიან ტრასებამდე – საქისტო (ბატანა), ლამაზურ (კოჭადალა) და ალაზანი-ბორბალოს სათავე.
ალაზნის მარჯვენა (აღმოსავლეთი) მხარს (დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით), ე.წ. ჯებირით და ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე გადასულს ამჟამად უმეტესად ქისტებით დასახლებული სოფლები შემოგხვდებათ. პირველ ოთხში ( მათში ქისტები დომინირებენ) რამოდენიმე ოსური ოჯახია შემორჩენილი: ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ზემო ხალაწანი, დუმასტური. დუმასტურიდან კი მხოლოდ ქისტებით დასახელბულ სოფელ ომალოში მოხვდებით. ომალოდან შეგიძლიათ გახვიდეთ მაღალმთიან ტარსაზე – ხორაჯო – ჩხათანა – ნაქერალა.

კლიმატი

ალაზნის მთათაშორისი ველის უმეტეს ნაწილში რბილია, მსგავსად იმისა, როგორიც იტალიის ალპების სამხრეთ მთისძირეთისთვის არის დამახასიათებელი. ველის უფრო მაღალ ნაწილებში, მათ შორის პანკისის ხეობაში, კლიმატი ცოტა უფრო მკვეთრია, ტემპერატურა რამოდენიმე გრადუსით ნაკლებია ველის ცენტრალურ ნაწილთან შედარებით.
პანკისის ხეობის მოსანახულებლად საუკეთესო დროა გვიანი გაზაფხული (მაისის ბოლო). განსაკუთრებით გირჩევთ ზაფხულს! მაშინ შესაძლებელია დიდი კავკასიონის მთებში მაღალმთიანი ლაშქრობები. ასევა თერაპიული ბანაობები მდინარე ალაზანში მაყვალა მარგოშვილის მეთვალყურეობის ქვეშ. ადრეულ შემოდგომასაცა აქვს თავისი ღირსებები პანკისში. ჯერ კიდევ თბილა, იწყება რთველი. ასევე შესაძლებლობა გექნებათ წაბლნარით დაფარულ ნაპირებზე მოაგროვოთ საკვები წაბლი.


up