მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


რეგიონის ისტორია და ადამიანები

პანკისის ხეობა და ალაზნის ველი განუყოფელი ნაწილები არიან კახეთის, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსი. საქართველოს ამ ნაწილში დატრიალებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ასახვას პოულობდა მდინარე ალაზნის ველზე და პანკისის ხეობაში.
ხეობის ისტორიაში, ისევე როგორც მთელი საქართველოსათვის, ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო თამარ მეფის პერიოდი (XII – XIII სს). იმ დროს ხეობის ტერიტორიაზე არსებობდა საერისთაო სახელწოდებით თორღვა პანკელი, რომელიც მომდინარეობს სამეფო კარზე დაახლოებული ქართველი არისტოკრატის თორღვა პანკელის სახელიდან. მაშინ საერისთაო ძირითადად დასახლებული იყო კახელებითა და ველზე თანდათანობით ჩამოსახლებული ქართველი მთიელებით: თუშები და ფშაველები. მამული შემოსაზღვრული იყო მასიური გალავნებით, საფორტიფიკაციო ნაგებობებით, სასიგნალო და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეებით. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობების შიგნით ქართველებს აშენებული ჰქონდათ მრავალი ქრისტიანული ტაძარი, რომელთა უმრავლესობისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მათზე გადაწყდომა პანკისის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეიძლება.

XII საუკუნის საქართველოს ბრწყინვალების დაისი ლაშა გიორგის - თამარ მეფის ვაჟისა და ტახტის მემკვიდრის მეფობის დროს დაწყებული, გამოწვეული სხვათა შორის მონგოლების შემოსევით, რასაც მოჰყვა სახელმწიფოს სამთავროებად დაყოფა, დინასტიური დავები და საქართველოზე გავლენის სფეროებისათვის ომები თურქეთსა და ირანს შორის (XIII – XV სს), გახდა თორღვა პანკელის დაცემის მიზეზი. თავდასხმებით, ომებით, ეპიდემიებით გაუკაცურდა პანკისის ხეობა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჭალებით დაიფარა.
პანკისის ხეობის ხელახალი დასახლება დაიწყო XVI საუკუნეში, როცა ლევან კახეთის მეფემ საზღვრისპირას გაწეული სამხედრო სამსახურისათვის პანკისის მიწებით დააჯილდოვა მთიელი ქართველები: თუშები და ფშაველები. ხეობაში სახლდებიან ასევე ოსები და მთიელები მეზობელი დაღესტნიდან – ლეკები და ავარლები XVII საუკუნიდან, სპარსელების მიერ კახეთის დაპყრობის შემდეგ ირანის შაჰი პანკისში ასახლებს მუსულმან თურქმენულ ტომებს. მიგრაციისა და ჩასხლებების შედეგად კახეთის მოსახლეობა (განსაკუთრებით ახმეტის რაიონი, რომელსაც ეკუთვნის პანკისის ხეობა) მრავალეთნიკური ხდება. ზემოთ აღწერილი ჯგუფების გარდა ახმეტის რაიონში შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში სახლდებოდნენ: ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანლები, ბერძნები, რუსები და უპირველეს ყოვლისა პანკისის ხეობაში დღეს მაცხოვრებელი ქისტების წინაპრები: ვაინახები – ინგუშები.
ქისტების პირველი წინაპრები (მნიშვნელოვანი ჯგუფები) პანკისში XVII საუკუნეში გამოჩნდნენ. მაშინ ჩამოვიდნენ ამაყი მაისტოვები და მელხევები – უდიდესი ჩეჩნური თემები ჩეჩნეთ – ინგუშეთის საზღვრიდან.

როგორც ჩეჩნური ლეგენდა მოგვითხრობს, დაახლოებით 200 წლის წინ რამოდენიმე ჩეჩენი ყმაწვილი მაისტიდან, ანუ მაღალმთიანი ჩეჩნეთიდან წამოვიდნენ კავკასიონის მთებში დაკარგული ცხვრების საძებნელად. რამოდენიმე დღის შემდეგ გზას მათი მამებიც დაადგნენ და კავკასიონის მეორე მხარეს – საქართველოს უღრან ტყეში აღმოჩნდნენ. დაღლილებმა მწყემსური კომბალი მიწაში ჩაარჭვეს და მცირე ხნით დასასვენებლად ჩაიმუხლეს. მხოლოდ დილით გამოეღვიძათ და იქ სადაც კომბლები ჰქონდათ ჩასობილი ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა, ხილო კომბლების თავზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ აშენებული. კაცებმა ძებნა შეწყვიტეს, რადგან ყოველივე ამაში ღვთის ნება დაინახეს და გადაწყვიტეს, რომ ისინი და მათი მოდგმა აქ დასახლდებიან აწ და მარადის. ასეთია ლეგენდა, ხოლო ისტორიული წყაროებითა და უხუცესების გადმოცემებით კი XIX საუკუნიდან დაიწყო ინტესიური ჩამოსახლება. ახლამოსახლეებს ჩეჩნეთიდან ჩამოჰყავდათ ოჯახები და სახლდებოდნენ მიწებზე, რომელსაც ქართველი თავადები მათ იჯახით აძლევდნენ, რადგან დაღესტნელი და აზერბაიჯანული სახანოს მძარცველებისაგან საქართველოს საზღვრების დასაცავას მებრძოლი მთიელები ესაჭიროებოდათ.

შემდეგ, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში პანკისში, მაისტოვების გარდა, სხვა ჩეჩნურმა და ინგუშურმა გვარებმაც დაიწყეს ჩამოსახლება. ძიარითადად ესენი იყვნენ იმ პერიოდში ჩრდილო კავკასიის დამპყრობელი და ჩეჩნური წინააღმდეგობის ჩამხშობი მეფის არმიას გამოქცეულები. ჩამოსახლებულებს შორის არც „მოსისხლეებს” გამოქცეულები იყვნენ ცოტანი და არც თემს „მოკვეთილები”. ერთ-ერთი სოფლი, „ჯოყოლო”, დააარსა ვინმე ჯოყოლამ – აბრაგების მეთაურმა. ქართულმა ჯარმა ჯოყოლა პანკისის ხეობის ერთ-ერთ სახლში ალყაში მოაქცია. ბოლოს იგი მაინც დათანხმდა ქართველების პირობებს. განიარაღდა, ჩააბარა მოხვეჭილი ძვირფასეულობა და ძმებთან ერთად დასახლდა პანკისში. ახალი ცხოვრება დაიწყო. ისეთივე როგორითაც სხვა მრავალი ცხოვრობდა, რომლებსაც უკვე ვეღარ აეტანათ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი შამილისა და მისი ნაიბების ძალმომრეობითი ისლამიზაცია, მისიონარიული გადაცდომები, შარიატით მართულ ქვეყანაში ცხოვრება. ბევრ მათგანს ძველი, ადგილობრივი კულტების შენარჩუნება სურდა, წინაპრებისადმი პატივის მიგება, ხოლო ინგუშები თავიანთი ქრისტიანობა შერწყმული წარმართობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ქართველი მთიელები, თუშები და ფშავები, რომლებიც პანკისის მეზობლად ცხოვროვბდნენ, მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად გაქრისტიანებულები იყვნენ, კვლავინდებურად მიაგებდნენ პატივს თავიანთ სალოცავებს, როგორც მაგალითად თეთრ და ლაშარის გიორგის, ან ბუნებისა და ტყის ღვთაებებს ამიტომაც ისინი გაგებით ღებულობდნენ ჩრდილო კავკასიიდან ლტოლვილებს. ძმადეფიცებოდნენ ან ოჯახურ კავშირებს აბამდნენ, ქორწინდებოდნენ ან მთელი ოჯახებით ღებულობდნენ თავიანთ თემში. თუმცა ქართული ეკლესიაც თავისას არ თმობდა და ბერ-მონაზვნებს აგზავნიდა მთიელ ქართველებსა და ჩეჩნებში. 1866 წელს ჯოყოლოში აშენდა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ლოცულობდნენ როგორც ქართველი მთიელები ასევე ჩეჩნებიც. პანკისის ხეობას არც მუსულმანი მისონერები ივიწყებდნენ. 1902 წელს სოფელ დუისში მეჩეთი აიგო, რომელიც სულ მალე ჩრდილო კავკასიაში პოპულარული სუფიტური ორდენის საქმიანობის ცენტრად იქცა. პანკისში ყველაზე მეტი მიმდევრები ჰყავდა კუნტა ჰაჯი კიშიევის საძმოს (ერთ ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო იმამ შამილისა და მეფის რუსეთის წინააღმდეგ მისი შეიარაღებული ბრძოლის), კადირიის „ტარიკატ”-ის (გზა) მიმდევარი. მრავალი საძმო იქმნებოდა და რაც განსაკუთრებული იშვიათობა იყო მათ შორის ქალთა ორდენიც. ეს „ჰაჯისტები”, როგორც მათ აქ უწოდებენ, დღესაც იკრიბებიან დიდ დღესაწაულებზე და ჯგუფურად ლოცულობენ, ანუ ასრულებენ „ჯიკრ”-ს. ლოცულობენ არაბულად, ჩეჩნურად და ქართულად, ხშირად კი ეს არის ჩეჩნურისა და ქართულის ნაზავი ე.წ. ქისტური დიალექტი, რომელზეც საუბრობს ქართველი ჩეჩნების უმეტესობა.

ქისტებმა, საქართველოში ცხოვრების 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისეს, მაგრამ საკუთარიც შეინარჩუნეს. რელიგიისა და ნაწილობრივ ენის, გარდა შენარჩუნებული აქვთ ოჯახსშიდა ქცევის მკაცრი ეტიკეტი. ამგვარად, მაგ. ყოველგვარი შეხება და კონტაქტი ქალსა და მამაკაცს შორის სხვა პირების თვალწინ ტაბუდადებულია. გაარშიყება ძირითადად ჟესტებითა და სახის მიმიკით ხდება, მაგრამ არასოდეს მოწმეების თანდასწრებით. ქალი, განასაკუთრებით ახლადაქორწინებული, ვერ დაჯდება მამამთილისა და მაზლების გვერდით, არ მიმართავს მათ პირველი. ოჯახის ყველა წევრისთვის აკრძალულია ნამდვილი სახელით მიმართვა. ყოველდღიურობა კი, როგორიცაა სამზარეულო, საოჯახო ზეიმები, ქორწილები - სრულიად გაქართულებულია. ქისტები ისევე როგორც ქართველები ვაზის მოშენებას მისდევენ, სვამენ ღვინოს ჭიქით ან ყანწით.
ქართულმა ხელისუფლებამ შეიფარა ჩეჩენი ჩამოსახლებულები და ლტოლვილები. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წ) მათ მოქალაქეობა მიანიჭეს. მოხელეები მაშინ მათ ქართულ სახელებს აძლევდნენ. ამის შედეგად მრავალი ჩეჩენი დღეს ორმაგ სახელს ატარებს – ჩეჩნურსა და ქართულს. სხვათა შორის, ასეთი „ქართული ელფერის” გამო ქისტები, მათი მოძმე ჩეჩნების, ინგუშებისა და დაღესტნელებისაგან განსხვავებით, 1944 წელს ცენტრალურ აზიაში სტალინურ გადასახლებას გადაურჩნენ.

სსრკ-ს პერიოდში, ქისტებსაც, ისევე როგორც სხვებს, შეეხოთ გასაბჭოებისა და ათეიზმის პოლიტიკა. 1930 წლიდან მთელს საქართველოში იქმნებოდა ე.წ. „უღმერთოთა კავშირები”, რომლებიც ებრძოდნენ როგორც ქართულ ქრისტიანობას ასევე ისლამს. საბჭოთა ხელისუფლება ხურავდა ეკლესიებს, მეჩეთებსა და სხვა სიწმინდეებს. დუისში დაიხურა მეჩეთი. სპეციალური სამსახურები სდევნიდნენ და აპატიმრებდნენ რელიგიურ ლიდერებს. მრავალი სუფიტი და სხვა სასულიერო პირი დააპატიმრეს, გააციმბირეს, ან სიცოცხელს გამოასალმეს. რელიგია, მათ შორის ისლამი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაჰქრა. ქისტებისათვის მან საოჯახო სფეროში გადაინაცვლა, ფარულად ლოცულობდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდგომი ე.წ. „დათბობა” დაიწყო და 1960 წლიდან ხელისუფლებამ დუისის მეჩეთის ხელახლა გახსნის ნება დართო.
პანკისის ხეობის შემდგომი ისტორია ეს არის საბჭოთა, ხოლო შემდეგ კი, 1991 წლიდან, დამოუკიდებელი, შინაომებითა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპატრატიზმით გატანჯული, საქართველოს ისტორია. პანკისი, გარდა იმისა, რომ ოსეთში მიმდინარე ომის პერიოდში (1990 წლები) ოსები მასიურად ტოვებდნენ იქაურობას, ამ მღელვარე მოვლენებისაგან გარიყულად იდგა, იზოლირებული იყო და საქართველოს ხელისუფლება მას სულ უფრო და უფრო ივიწყებდა. კრიზისი კიდევ უფრო ამძაფრებდა სიდუხჭირეს. მრავალი ქისტი მიდიოდა რუსეთში სამუშაოს საშოვნელად. დიდი ტალღა, უმთავრესად მამაკაცები, მიემგზავრებოდა ჩეჩნეთშიც, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წ. გამოაცხადა. 1994 წელს დაწყებული I რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შედეგად ბევრი მიგრანტი უკან დაბრუნდა, მათთან ერთად პანკისში ჩამოვიდნენ სამხრეთ ჩეჩნეთიდან ლტოლვილები. მის დამთავრების შემდეგ მრავალი მათგანი უკან დაბრუნდა. ახალგაზრდა ქისტებიც მიემგზავრებოდნენ ჩეჩნეთში, სადაც საქართველოსაგან განსხვავებით სამუსაო იშოვებოდა, ქვეყნის აღმშენებლობა მიმდინარეობდა. სამი წლის შემდეგ II ომი დაიწყო, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანკისის ხეობაზე, მისი შედეგები დღემდე იგრძნობა.
რუსეთ-ჩეჩნეთის II ომის დაწყებიდან, ანუ 1999 წლიდან, ხეობაში ჩამოვიდა 10 ათასზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი. უმთავრესი სიმძიმე მათ სისხლისმიერ ნათესავებს – ქისტებს დააწვათ. სახლებში, სკოლებში, გამაჯანსაღებელ ცენტრებში და სხვა ნაგებობებში და საჯარო დაწესებულებებში ცხოვრობდნენ ავადმყოფი, ყოველგვარ საარსებო სახსარს მოკლებული ადამიანები. ზოგი ლტოლვილი ცხვარს მწყემსავდა, მეფუტკრეობას მისდევდა და ავარჯიშებდნენ თავიანთ შვილებს კავკასიაში პოპულარულ სპორტის სახეობაში – ჭიდაობა. და მაინც ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი. ბოლოს და ბოლოს საქმე მივიდა კონფლიქტამდე ქისტებსა და ჩეჩენ ლტოლვილებს შორის. ჩეჩნებმა ჩეჩნეთიდან მოინდომეს საკუთარი წეს-რიგის დამყარება ხეობაში. მოიწვიეს ქისტებისგან განსხვავებული უხუცესთა საბჭო. დასცინოდნენ ქისტების სასაუბრო ჩეჩნურ ენას. ისლამი და სუფიზმი, რომელსაც ქისტები მისხდევდნენ წარმართობითა და „შეცდომებით” შებღალულად მიაჩნდათ. ქადაგებდნენ ისლამის რადიკალურ ფორმას, ცდილობდნენ ქისტების მოქცევას წინასწარმეტყველის „სუფთა” რელიგიაზე, რომელიც სულ უფრო მეტ მიმდევარს ჰპოვებდა ჩეჩნეთში. შედგად კი ქისტებმა ჩაუკეტეს ამ ადგილობრივ ტრადიციებთან განსაკუთრებით ენერგიულ მებრძოლებს დუისის მეჩეთის კარები. „ახალმა” ჩეჩნებმა საუდის არაბეთის მისიონერების მეშვეობით ააშენეს თავისი მეჩეთები დუისში, ომალოსა და ბირკიანში, რომელთაც დღეს „ვაჰაბისტურს” ეძახიან. იქ მიდიან მხოლოდ ის „ჭეშმარიტი” ჩეჩნები, „ჭეშმარიტი” მუსულმანები. მიუხედავად ნეოფიტი ლტოლვილების წინაშე გამოხატული წინააღმდეგობისა – ქისტები აღარ მონაწილეობენ ქართველებთან ერთობლივ დღესასწაულებში. ეკლესია ჯოყოლოში იცლება. სულ უფრო ნაკლებად ესწრებიან ქართველი მთიელების ნათლობებსა და ქორწილწბსაც.

დროთა განმავლობაში საზრუნავი მატულობდა. 2001 – 2002 წელს ხეობაში იარაღის, ცოცხალი საქონლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტული ბანდები დაძრწოდნენ. ხეობა ჩაიკეტა ყველასათვის, გარდა იქაური მუდმივი მოსახლეობისა. შესასვლელ გზებზე ქართული ჯარი და ქისტების სახალხო ლაშქარი ჩადგა, დააყენეს საკონტროლო პუნქტები. პანკისის ხეობის ბლოკადა 2002 წლის ბოლოსთვის დასრულდა, როცა ქისტებმა ქართული ჯარის დახმარებით სრულიად გაწმინდეს ხეობა ბანდებისაგან. 2003 წელს ჩეჩენი ბოევიკების ჯგუფები, რომლებიც საქართველოში იმალებოდნენ ტოვებენ ხეობას. 2004 წელს სიტუაცია წყნარდება და უსაფრთხოება სრულად იქნა აღდგენილი.
მაგრამ 4000 ჩეჩენი ლტოლვილი ისევ რჩებოდა ქისტების სტუმრად. პერსპექტივასა და სოციალურ დახმარებას მოკლებული ლტოლვილების უმრავლესობას, არ სურდათ რა მძიმე ტვირთად დაწოლოდნენ თავიანთ ნათესავებს საქართველოში, ოცნებობდა დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაზე. ამ ხალხის ნაწილმა ე.წ. „ტარანსფერის“ ჩარჩოებში თავშესაფარი ჰპოვა კიდევაც დასავლეთ ევროპაში და კანადაში. 2005 წელს პანკისის ხეობაში 200-300 ჩეჩენიღა იყო დარჩენილი. მათი ნაწილი ე.წ. ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ფარგლებში დაბრუნდა ჩეჩნეთში, ნაწილი დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მიიღო კიდევაც თავშესაფარი. დარჩნენ მხოლოდ ქისტები და ქისტი ლტოლვილები ( ისინი ვინც ჩეჩნეთში 90-იანი წლების დასაწყისში სამუშაოს საშოვნელად გაემგზავრნენ და II ომის დაწყების დროს გამოიქცნენ).
ამჟამად პანკისის ხეობა ძირითადად ქისტებითაა დასახლებული. დაახლოებით 8 ათასი ქისტია, უმთავრესად ცხოვრობენ დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ჯიბახევში, წალახანში (ზემო, შუა, ქვემო) და ომალოში. ქისტები ახმეტაშიც ცხოვრობენ, და ცალკეულ შერეულ ოჯახებში მთელ ახმეტის რაიონში. ქისტური ოჯახები თბილისშიც ცხოვრობენ.
ქისტური სოფლების გარდა ხეობაში არის ფშავების, თუშებისა და ბაცბიელების სოფლები, როგორც ადგილობრივები ცხოვრობენ ხევსურებიცა და ოსებიც.

ტექსტის ავტორი: პატრიცია ფშეშლაკევიჩი


up